აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეიწყალა 1 500-მდე, პირი, რომლებსაც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ედებოდათ ბრალი. იუწყება CNN
შეწყალების აქტი ერთ-ერთი პირველი დოკუმენტია, რომელსაც ტრამპმა ხელი 20 იანვარს, ინაუგურაციის შემდეგ, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მოაწერა. როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, 1500-მდე ადამიანი შეიწყალა.
გადაწყვეტილების შემდეგ, ტრამპმა ოვალურ ოფისში იმედი გამოთქვა, რომ ბრალდებულები ციხის დატოვებას დღესვე შეძლებენ. "ისინი უკვე დიდი ხანია, რაც ციხეში არიან". - თქვა ტრამპმა და დაამატა, რომ "ეს ხალხი გაანადგურეს".
ტრამპის გადაწყვეტილებას მალევე მკვეთრი კრიტიკა მოჰყვა, მათ შორის, ზოგიერთი გამომძიებლისგანაც, რომელიც 2021 წელს კაპიტოლიუმზე თავდასხმის საქმეებზე მუშაობდა.
2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას დონალდ ტრამპი დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, თუმცა მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა.
2021 წლის 6 იანვარს, ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის ბორცვზე კონგრესის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი.
კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ბრალდებული იყო 1600-მდე პირი.