თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, "ბათუმელების"/"ნეტგაზეთის" დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად, ჟურნალისტები საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი და შეუჩერდეს უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს.
ისინი ასევე ითხოვენ მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას.
"გვინდოდა დღეს აქ ვმდგარიყავით და აქედან გაგვეხმაურებინა ჩვენი მოთხოვნები: პირველ რიგში მთავრობას მოვუწოდებთ, რომ პროკურატურამ შეცვალოს თავისი მიმართვა, მიმართოს სასამართლოს თავიდან და მოითხოვოს მზიას მიმართ გირაო. პატიმრობა არის დასჯა, მისი დასჯის არნაირი საფუძველი არ არსებობდა. ასევე, სააპელაციო რას აპირებს, არ ვიცით, დღეს გავიგებთ, რადგან ვადები დარღვეულია. ასევე კაციტაძის უწყებას მოვუწოდებთ, დროულად დაიწყოს გამოძიება. მზიას მოექცნენ არაადამიანურად, მიაყენს შეურაცხყოფა და ამაში მონაწილე პირები უნდა დაისაჯონ", - ამბობს "ტვ პირველთან" ჟურნალისტი, ლიკა ზაკაშვილი.
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან. მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ორჯერ დააკავეს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან. პირველად იგი დააკავეს სტიკერის – „გაიფიცე“ – გაკვრის გამო და დაახლოებით ორი საათის შემდეგ გამოუშვეს, თუმცა დაკავებიდან მალევე ხელახლა დააკავეს.
ფოტო: რადიო თავისუფლება