თბილისსა და ბათუმში "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციები გაიმართა.
ბათუმში, პოლიციის სამმართველოსთან, თბილისში კი შსს-ს შენობასთან მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის უფლებამოსილების შეჩერება მოითხოვეს.
შსს-ს შენობის შემდეგ, ჟურნალისტებმა მსვლელობით გენპროკურატურის შენობასთან გადაინაცვლეს.
მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ორჯერ დააკავეს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან. პირველად იგი დააკავეს სტიკერის – „გაიფიცე“ – გაკვრის გამო და დაახლოებით ორი საათის შემდეგ გამოუშვეს, თუმცა დაკავებიდან მალევე ხელახლა დააკავეს.
2025 წლის 14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა მზია ამაღლობელის საქმეზე პირველი წარდგენის სხდომა. მზია ამაღლობელს პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე წარუდგინა და ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მოითხოვა.
მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით ყველაზე მკაცრი სახის - პატიმრობის გამოყენების შესახებ და მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. საქმეზე შემდგომი სხდომა 4 მარტს ჩაინიშნა.