ადამიანის უფლებათა ცენტრი გმობს 20 და 21 იანვარს სტუდქალაქის საერთო საცხოვრებლიდან, საბაჟო დეპარტამენტის ყოფილი შენობიდან, ყიფშიძის # 34-იდან, აღსრულების ბიუროს ყოფილი შენობიდან და სხვა საცხოვრებელი ადგილებიდან დევნილთა ძალადობრივ გამოსახლებას. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრი განცხადებას ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, ადამიანის უფლებათა ცენტრმა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მოუწოდა ხელისუფლებას, შეეწყვიტა დევნილთა არაკანონიერი, დამამცირებელი და სასტიკი ფორმებით მასობრივი გამოსახლების პროცესი კომპაქტური ჩასახლების ადგილებიდან.
"ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებული ადევნებს თვალს თბილისში არსებული კომპაქტური ჩასახლებებიდან დევნილთა გამოსახლების პროცესს, რომელიც ჯერ კიდევ 2010 წლის აგვისტოში დაიწყო. გამოსახლებების პირველი ტალღა ხელისუფლებამ ზაფხულის ყველაზე ცხელ თვეს დაამთხვია, მეორე კი ამჯერად - საახალწლო პერიოდს, რა დროსაც თბილისში სამოქალაქო აქტიურობა შემცირებულია. დევნილთა უკანონო გამოსახლებისა და რეგიონებში გადასახლების პროცესი იმთავითვე მკაცრად შეაფასეს უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა და საქართველოს სახალხო დამცველმა. საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩარევით მასობრივი გამოსახლებები სპეციალური პროცედურების შემუშავებამდე დროებით შეჩერდა. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის აქტიური მონაწილეობით შემუშავდა "იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით გამოსახლების / სხვა საცხოვრებელში გადაყვანის სტანდარტული ოპერაციული პროცედურები". ეს დოკუმენტი დევნილთა და განსახლების სამინისტროში არსებულმა დევნილთა მართვის კომიტეტის სამეთვალყურეო საბჭომ 2010 წლის სექტემბერში დაამტკიცა, რაც დადებით ნაბიჯად შეფასდა. თუმცა, როგორც 20 იანვარს გაირკვა, ფურცელზე გაწერილი პროცედურები შორსაა პრაქტიკიდან, რომელიც ისევ ძალადობრივი და მიუღებელია. საცხოვრებლის დაცლის მოთხოვნა და მოსალოდნელი გამოსახლების შესახებ გაფრთხილება დევნილებს ისევ წინა დღით მიუვიდათ. არავინ დაინტერესდა მათი საპასუხო რეაქციით და პოზიციით", - აღნიშნულია განცხადებაში.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს, გაათავისუფლონ დევნილები და აქტივისტები, რომლებიც გამოსახლების დროს დააკავეს.
"ადამიანის უფლებათა ცენტრი" მიმართავს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, შეაჩეროს დევნილების გამოსახლება და დაიწყოს მათთან დიალოგი ადეკვატური შეთავაზების მოფიქრების მიზნით; ყველაფერი იღონოს, რათა თავიდან იქნას აცილებული საახალწლოდ ასობით დევნილის ღია ცის ქვეშ დატოვება; ცენტრი მიმართავს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, თვალყური ადევნოს დადგენილი პროცედურების პრაქტიკაში მართებულად გატარებას.