შეერთებულმა შტატებმა და სომხეთმა ხელი მოაწერეს ქარტიას ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.
დოკუმენტს ხელი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მოაწერეს.
ქარტიის ხელმოწერის ცერემონია ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტის შენობაში გაიმართა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ დოკუმენტის ხელმოწერა მნიშვნელოვანი ეტაპია სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებში
"ჩვენ ვქმნით აშშ-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიას. ეს გვაძლევს შესაძლებლობას გავაფართოვოთ თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში: ეკონომიკური საკითხები, უსაფრთხოება და თავდაცვა, დემოკრატია, მართლმსაჯულება და სხვა", - თქვა მან.
"სომხეთისა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი მყარ საფუძველს უყრის და ჩვენს თანამშრომლობას უფრო ამბიციურს ხდის. ის მოიცავს ბევრ სფეროს, მათ შორის ეკონომიკური და ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებას, კომუნიკაციებს, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობას, ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების განვითარებას, ასევე ხალხებს შორის კონტაქტების გაფართოებას", - აღნიშნა არარატ მირზოიანმა.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და ორმხრივ ინტერესებს, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განვითარდა.