თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა პროტესტის გამოსახატად რუსთაველის გამზირიდან უნივერსიტეტის შენობაში გადაინაცვლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მათ განცხადება გაავრცელეს.
თსუ-ს სტუდენტები მოუწოდებენ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს გააკეთონ იგივე და შეუერთდნენ პროტესტის ამგვარ ფორმას.
"საქართველოს უახლესს ისტორიაში ეს პერიოდი თავისი ავტორიტარული სისტემით და დიქტატურით არის ერთ-ერთი უმძიმესი. რეჟიმი გვიზღუდავს თავისუფალი და განსხვავებული აზრის ქონას. ასევე, იგი გვდევნის და ხელ-ფეხს გვიკოჭავს ჩვენივე უფლებებისთვის. დღეს სტუდენტები შევიკრიბეთ თსუ-ში, რათა ხმამაღლა გავაჟღეროთ, რომ ჩვენ არ გვეშინია და გავაგრძელებთ სამშობლოსთვის ბრძოლას იქამდე, სანამ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები, რაც გულისხმობს ახალ არჩევნებს და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას, რომელთა რიგებში არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის უმაღლესი სასწავლების სტუდენტები.
ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, სანამ ჩვენს თანამებრძოლებს არ მოვუპოვებთ თავისუფლებას და საქართველოს კურსს არ დავაბრუნებთ ევროატლანტიკურ გზაზე. ჩვენი აქ შეკრების მიზეზი კი ერთია, რომ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიას ვცვლით. აქამდე თუ სტუდენტები ვიდექით რუსთაველზე და იქიდან ვიძახდით ჩვენს სათქმელს, ახლა სტუდენტები ვიქნებით სასწავლო კერაში და აქ დავრჩებით, სანამ საჭირო იქნება. სხვა უნივერსიტეტებს კი მოვუწოდებთ გააკეთონ იგივე, შემოუერთდნენ თსუ-ს და თეატრალური უნივერსიტეტების ამგვარ ფორმას, ვინაიდან სტუდენტების ხმა ყველაზე ხმამაღლა უნივერსიტეტიდან ისმის. ადმინისტრაციასა და რექტორს მოვუწოდებთ მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე და მაქსიმალურად მხარში დაუდგნენ საკუთარ სტუდენტებს, რომლებიც არიან დაკავებულები", - ნათქვამია განცხადებაში.