რუსეთის კურსკის ოლქში მოკლულია 300-მდე ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი. იტყობინება სააგენტო Yonhap-ი სამხრეთ კორეის დაზვერვაზე დაყრდნობით.
სადაზვერვო უწყების ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის მთლიანი დანაკარგი დაახლოებით 3000 ადამიანია, საიდანაც 2700-მდე დაიჭრა, ხოლო 300-მდე დაიღუპა.
Yonhap-ი ასევე ადასტურებს ინფორმაციას ორი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცის ტყვედ ჩავარდნის შესახებ, რაც მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ახსენა. როგორც იუწყებიან, ორი სამხედრო ჩრდილოეთ კორეის გენერალური დაზვერვის სამმართველოში მსახურობდა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა კადრები კურსკის ოლქში უკრაინის ძალების მიერ ტყვედ ჩაგდებული ორი ჯარისკაცის დაკითხვის ამსახველი კადრები. ერთ-ერთ ტყვეს აღმოაჩნდა სამხედრო მოწმობა ტუვის მკვიდრის, ანტონინ არანჩინის სახელზე. BBC-ის ინფორმაციით, რუსეთი მალავს უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების მონაწილეობის ფაქტს და მათზე ყალბ პირადობის მოწმობებს გასცემს.
ზელენსკიმ თქვა, რომ კიევი მზად არის ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები მათ ლიდერს, კიმ ჩენ ინს, რუსეთის ტყვეობაში მყოფი უკრაინელების დაბრუნების სანაცვლოდ გადასცეს.
მოსკოვი და ფხენიანი არ ადასტურებენ, მაგრამ არც უარყოფენ ომში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ჩართვას.