ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იანვრის ბოლოს სირიისთვის სანქციების მოხსნაზე იმსჯელებენ.
ამის შესახებ მან 12 იანვარს, კვირას, ერ-რიადში გამგზავრებამდე განაცხადა, სადაც სირიის შესახებ რეგიონალური კონფერენცია გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ეს კონფერენცია სირიის ყოფილი დიქტატორის ბაშარ ალ-ასადის დამხობიდან რამდენიმე კვირის შემდეგ იმართება.
კალასმა თქვა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იანვრის ბოლოს შეხვდებიან ბრიუსელში, რათა განიხილონ სირიისთვის სანქციების გაუქმება.
„ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ იმ დროისთვის რეალურად მივიღოთ გადაწყვეტილება ამ საკითხზე“, - თქვა მან.
ამასთან, დღესვე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა სირიელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით კიდევ 50 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ განაცხადა.