რუსული საოკუპაციო ძალები თავს დაესხნენ ზაპოროჟიეში სამრეწველო ობიექტს, განახლებული ინფორმაციით, დაღუპულია 13 და დაშავებულია18 ადამიანი.
ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ივან ფიოდოროვის ცნობით, ოთხი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
მისი თქმით, რუსმა სამხედროებმა ქალაქზე დარტყმა ორი მართვადი საავიაციო ბომბით განახორციელეს.
ოლქის ხელმძღვანელის თქმით, იერიშის სამიზნე შევჩენკოვსკის რაიონი გახდა. კადრებში ჩანს, რომ დაზიანებულია სამარშრუტო ტაქსი, ტრამვაი და მრავალსართულიანი შენობა.
საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა გამოაქვეყნა კადრები შემთხვევის ადგილიდან.
The Insider-ის ცნობით, დაზიანდა ქარხანა „მოტორ სიჩი“, რომელიც მსოფლიოში თვითმფრინავების ძრავების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია.
Z-არხები ასევე წერენ, რომ სამიზნე სწორედ ეს ქარხანა იყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ.