აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 5% უნდა დახარჯონ. ამის შესახებ ტრამპმა მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ტრამპი, რომელიც 20 იანვრიდან შეუდგება პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას, ცნობილია ნატოს კრიტიკით. მისი თქმით, ალიანსის ბევრი ევროპელი წევრი საკმარის თანხას არ იხდის და აშშ-ის გადასახადების გადამხდელის იმედადაა.
ამასთან, პრესკონფერენციაზე ტრამპმა ჯო ბაიდენი გააკრიტიკა უკრაინის მიმართ პოლიტიკის გამო. მისი თქმით, ბაიდენის პრეზიდენტობისას თეთრმა სახლმა ბევრი შეცდომა დაუშვა ნატოში უკრაინის შესაძლო მიღების თაობაზე მოლაპარაკებებში.
ტრამპის თქმით, პუტინს არაერთხელ გაუსვამს ხაზი იმისთვის, რომ არ სურდა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება.
"მე მიმაჩნია, რომ მათ ჰქონდათ შეთანხმება და შემდეგ ბაიდენმა ის დაარღვია. მათ ჰქონდათ შეთანხმება, რომელიც დააკმაყოფილებდა უკრაინას და ყველა დანარჩენს, მაგრამ ბაიდენმა თქვა: "არა, თქვენ უნდა გქონდეთ ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობა". - განაცხადა ტრამპმა.