აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენლმა უკრაინის საკითხებში კით კელოგმა ტრამპის ინაუგურაციამდე გადადო უკრაინაში ვიზიტი, რომელიც იანვრის დასაწყისში იყო დაგეგმილი. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ოთხ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
კელოგის გუნდი ასევე ამზადებდა შეხვედრებს ევროპის სხვა დედაქალაქების ოფიციალურ პირებთან, კონკრეტულად რომსა და პარიზში.
უკრაინაში ვიზიტის კონკრეტული დრო ჯერ განსაზღვრული არ არის. უცნობია ვიზიტის გადადების მიზეზიც.
მედიის ინფორმაციით, 80 წლის გადამდგარი გენერალი კით კელოგი უკრაინაში ომის დასასრულებლად დონალდ ტრამპის გეგმის ერთ-ერთი ავტორია. გეგმა ითვალისწინებს ფრონტის ხაზების გაყინვას და მოლაპარაკებების დასაწყებად კიევსა და მოსკოვზე ზეწოლას.
უკრაინის ხელისუფლება კონფლიქტის გაყინვას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.