ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდერ ვან დერ ბელენმა ავსტრიის ულტრამემარჯვენე "თავისუფლების პარტიის" ლიდერს ჰერბერტ კიკლს დაავალა ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირება.
ვან დერ ბელენის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა კარლ ნეჰამერის მიერ ავსტრიის კანცლერის თანამდებობის დატოვება.
პრეზიდენტის განცხადებით, მისთვის ადვილი არ ყოფილა კიკლისთვის მთავრობის ფორმირების დავალების გადაწყვეტილების მიღება.
"ბატონ კიკლს აქვს რწმენა, რომ სამთავრობო მოლაპარაკებების ფარგლებში შეძლებს სიცოცხლისუნარიანი გადაწყვეტილებების პოვნას. მას სურს ამ პასუხისმგებლობის აღება. ამიტომ, მე მას დავავალე ავსტრიის სახალხო პარტიასთან მოლაპარაკებების დაწყება ფედერალური მთავრობის ფორმირების მიზნით", - თქვა პრეზიდენტმა.
კიკლის პარტიამ ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 2024 წლის სექტემბერში გაიმართა, საუკეთესო შედეგები აჩვენა და ხმების 28.8%-ით პირველ ადგილზე გავიდა. კარლ ნეჰამერის კონსერვატიული სახალხო პარტია მეორე ადგილზე გავიდა.
მიუხედავად საპარლამენტო არჩევნების შედეგებისა, პრეზიდენტმა ვან დერ ბელენმა კარლ ნეჰამერს დაავალა მთავრობის ფორმირება, რადგან არცერთ სხვა პარტიას არ სურდა ულტრამემარჯვენე პარტიასთან თანამშრომლობა.
კოალიციური მოლაპარაკებები, რომელიც თავდაპირველად სახალხო პარტიასა და სოციალ-დემოკრატიულ პარტიებს შორის მიმდინარეობდა ჩაიშალა. წარუმატებელი გამოდგა ასევე მოლაპარაკებები სახალხო პარტიას, სოციალ-დემოკრატიულ პარტიასა და ლიბერალურ პარტიებს შორის.