კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო გადადგომის შესახებ განაცხადებს. ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით ავრცელებენ სააგენტო Reuters-ი და კანადური მედიასაშუალებები Globe and Mail-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, ვარაუდობენ, რომ ჯასტინ ტრუდო დღეს კანადის მმართველი ლიბერალური პარტიის ლიდერის თანამდებობას დატოვებს, რაც პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებასაც გულისხმობს.
ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, გადადგომის შესახებ განცხადებას ტრუდო ლიბერალების საგანგებო შეხვედრამდე გააკეთებს, რომელიც ოთხშაბათს არის დაგეგმილი.
ჯერჯერობით უცნობია, ტრუდო მაშინვე დატოვებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, თუ გააგრძელებს მოვალეობის შესრულებას, ვიდრე პარტია ახალ ლიდერს აირჩევს.
ჯასტინ ტრუდო პარტიას 2013 წლიდან უდგას სათავეში, 2015 წლიდან კი კანადის პრემიერ-მინისტრია.
ბოლო ხანებია, გაიზარდა იმ ლიბერალი დეპუტატების რაოდენობა, რომლებიც ტრუდოს გადადგომისკენ მოუწოდებენ. იუწყებიან, რომ მზარდი მოწოდება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის უარყოფით შედეგებს უკავშირდება. პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდა დეკემბერში, როცა უთანხმოების გამო ფინანსთა მინისტრი გადადგა.
კანადაში არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს, სადაც კვლევების შედეგების გათვალისწინებით, ლიბერალური პარტია დამარცხდება კონსერვატორებთან, რომლებიც ამჟამად ოპოზიციაში იმყოფებიან.