კვირას, 5 იანვარს ლოს ანჯელესში გამართულ "ოქროს გლობუსის" 82-ე დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულების ვინაობა გახდა ცნობილი.
"ოქროს გლობუსი" საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში გადაეცა ბრედი კორბეტს ფილმისთვის "ბრუტალისტი", რომელიც ჰოლოკოსტს გადარჩენილი უნგრელი არქიტექტორის შესახებ მოგვითხრობს.
"ბრუტალისტმა" საუკეთესო დრამატული ფილმის კატეგორიაშიც გაიმარჯვა. ამ ფილმში შესრულებული მთავარი როლისთვის კარიერაში პირველი "ოქროს გლობუსი" მსახიობ ედრიან ბროუდის გადაეცა.
საუკეთესო სცენარისთვის ჯილდო პიტერ სტრაუგანმა მიიღო გერმანელი რეჟისორის ედვარდ ბერგერის ფილმისთვის "კონკლავი", რომლის სიუჟეტი ვატიკანის პოლიტიკურ მოვლენებს ეფუძნება.
საუკეთესო უცხოურენოვანის ფილმის კატეგორიაში რეჟისორ ჟაკ აუდიარის ფილმმა "ემილია პერეზი" გაიმარჯვა.
გარდა ამისა, ამერიკელი მსახიობი ზოი სალდანა იყო ნომინირებული საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალის კატეგორიაში ამ ფილმში შესრულებული როლისთვის. მთლიანობაში "ემილია პერეზი" ათ კატეგორიაში იყო ნომინირებული. სიუჟეტის მიხედვით, ფილმის მთავარი გმირი, ადვოკატი რიტა, გადაწყვეტს დაეხმაროს მექსიკური ნარკოკარტელის ლიდერს, გაიაროს სქესის შეცვლის ოპერაცია, რათა გაქცევა შეძლოს.
62 წლის ამერიკელმა მსახიობმა დემი მურმა მიიღო კარიერაში პირველი "ოქროს გლობუსი" კატეგორიაში "საუკეთესო მსახიობი ქალი მიუზიკლში ან კომედიაში" ფილმ "სუბსტანციაში" შესრულებული მთავარი როლისთვის.
"სუბსტანციამ" კანის კინოფესტივალზე საუკეთესო სცენარისთვის ოქროს პალმის რტო მოიპოვა.
მთლიანობაში "ოქროს გლობუსის" ცერემონიაზე გამოავლინეს გამარჯვებულები 27 კატეგორიაში. ოქროს გლობუსი 1944 წლიდან გაიცემა. ჯილდო ითვლება მეორე ყველაზე მნიშვნელოვან კინოპრემიად შეერთებულ შტატებში ოსკარის შემდეგ.