დაჯგუფება „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამთან“, დაკავშირებულმა სოცქსელებმა, სირიის ფაქტობრივ ლიდერთან, აჰმედ ალ-შარაასთან შეხვედრის ამსახველი ფოტოებიდან გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი წაშალეს.
„როგორც დამასკოში ანალენა ბერბოკის ვიზიტი გვიჩვენებს, სირიის ახალ ხელმძღვანელობას აშკარად სერიოზული პრობლემები აქვს გავლენიან უცხოელ პოლიტიკოსებთან ურთიერთობაში“, - აღნიშნულია გერმანული ტელეარხი N-tv-ის ინფორმაციაში.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა, ფოტოებზე გაბუნდოვანებულია კიდევ ორი ქალი, სავარაუდოდ, თარჯიმნები.
ამავდროულად, სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA, „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამთან“ დაკავშირებული არხებისგან განსხვავებით, ბერბოკის სურათები ცვლილებების გარეშე გამოაქვეყნა.
მანამდე ყურადღება მიიპყრო ხელის ჩამორთმევის ეპიზოდმა. შეხვედრის კადრებში ჩანს, რომ ალ-შარაამ ხელი ჩამოართვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჟან-ნოელ ბაროს, მაგრამ ბერბოკის შემთხვევაში იგი შემოიფარგლა მხოლოდ მკერდზე ხელის მიდების ჟესტით.
როგორც N-tv აღნიშნავს, ყურანი არ კრძალავს ქალსა და კაცს შორის ხელის ჩამორთმევას, მაგრამ მკაცრად რელიგიური მუსლიმები, როგორიცაა „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამის წევრები, მიიჩნევენ, რომ ასეთი მისალმება პირველი ნაბიჯია უხამსობისკენ.
ისლამისტური დაჯგუფება „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამი აღიარებულია ტერორისტულ ორგანიზაციად აშშ-ში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. დაჯგუფებამ სირიაში ძალაუფლება 8 დეკემბერს აიღო.
დამხობილი პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი რუსეთში გაფრინდა, სადაც მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 25 დეკემბერს განაცხადა, რომ მოსკოვი ღიაა კონსტრუქციული დიალოგისთვის სირიაში ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებთან.
ბერბოკი და ბარო დასავლეთის ქვეყნების პირველი საგარეო საქმეთა მინისტრები არიან, რომლებიც სირიის ახალმა ხელმძღვანელობამ დამასკოში მიიღო. ორივე პოლიტიკოსის ვიზიტი ევროკავშირის სახელით განხორციელდა.