რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი წერილით მიმართავს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კანდიდატ მარკო რუბიოსა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის კანდიდატ მაიკლ უოლცს.
უილსონი მოუწოდებს, სანქციები გაავრცელონ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებსა და თანამზრახველებზე.
"ახალ ადმინისტრაციაში თქვენი თანამდებობების დაკავებისას, მოგიწოდებთ, პრიორიტეტად აქციოთ აშშ-ის სამართალდამცავი მექანიზმების გამოყენება საქართველოს სანქციებისთვის თავის არიდების სქემის, თაღლითური "ქოლ ცენტრების" და „ქართული ოცნების“ სხვა უკანონო საწარმოების გამოსავლენად და გასანადგურებლად. ეს ოპერაციები ამყარებს ივანიშვილის რეჟიმს და მის კორუმპირებულ კადრებს საშუალებას აძლევს, სარგებელი მიიღონ ისეთი სისასტიკეებისგან, როგორიცაა რუსეთის აგრესია უკრაინაში, რომელსაც ხელს უწყობს ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანის თანამონაწილეობა. ასევე მოგიწოდებთ, გაავრცელოთ სანქციები ივანიშვილის ოჯახის უახლოეს წევრებსა და თანამზრახველებზე. აშშ-ის გადამწყვეტმა ქმედებებმა, მოკავშირეებთან კოორდინაციით, შეიძლება ეს ოპერაციები ქმედუუნარო გახადოს, რაც პირდაპირ ძირს გამოუთხრის ქართული რეჟიმის უნარს, შეინარჩუნოს არადემოკრატიული ძალაუფლება. ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, წინ წავწიოთ ჩვენი საერთო მიზნები დემოკრატიის დაცვისა და მსოფლიოში მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. აგრესორთა ღერძი დაკარგავდა მნიშვნელოვანი გაძლიერების შესაძლებლობას, თუ საქართველო დაუბრუნდებოდა ქართველი ხალხის მმართველობას. მოუთმენლად ველი თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობას ამ ახალ თანამდებობებზე და გმადლობთ ამ კრიტიკული საკითხების მიმართ თქვენი ურყევი ერთგულებისთვის", – ნათქვამია ჯო უილსონის მიმართვაში.