საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა.
საახალწლო მილოცვის ტექსტი სალომე ზურაბიშვილმა ყოფილ, გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებთან ერთად წაიკითხა.
"ეს წელი, რომელიც მთავრდება, იყო არაჩვეულებრივი წელი. ეს იყო წელი დიდი ერთიანობის, ჩვენ ყველა ვიყავით ერთსულოვანი, როცა მივიღეთ კანდიდატის სტატუსი წინა წლის ბოლოს და იანვარში კიდევ ვიყავით აღტაცებული და გახარებული ამ არაჩვეულებრივი ნაბიჯით.
ჩვენ ვიყავით ერთნი და გახარებული, როცა საქართველო გავიდა ევროპულ ასპარეზზე ფეხბურთით, ჩვენ ვიყავით ერთიანი და გახარებული, როცა ვიმარჯვებდით ოლიმპიურ თამაშებზე და როცა ქართულ დროშას ვუყურებდით და ქართულ ჰიმნს ვუსმენდით. ჩვენ ვიყავით ერთად და ჩვენ ვიქნებით ყოველთვის ერთად იმიტომ, რომ საქართველო არის ძალიან ძლიერი.
ამ წელმა სხვა რაღაცეებიც მოგვიტანა. ესიყო რუსული კანონის და რუსული კანონების წელი. ეს წელი იყო რუსული მეთოდების, რუსული რეპრესიების, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, ჩვენი სულის, ჩვენი მომავლის წინააღმდეგ, ამდენად, არ ვიცი, როგორ დარჩება 2024 წელი ჩვენს მეხსიერებაში. შეიძლება ერთი გავიხსენოთ, შეიძლება მეორე, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ გავიარეთ ეს წელი, მოვედით ბოლომდე.
დღეს მე გილოცავთ ახალ წელს ამ ადამიანებთან ერთად, რომლებიც არიან მხოლოდ ერთი პატარა ნაწილი იმ ადამიანების, იმ საჯარო მოხელეების, რომლებიც დაითხოვეს. დღეს 86 ადამიანი, გუშინ და გუშინწინ... ეს ალბათ გაგრძელდება, მაგრამ ესეც გამარჯვებაა. ეს ადამიანები არიან ისინი, რომლებმაც თავისუფლება დააყენეს ყველაზე მაღლა, ღირსება დააყენეს ყველაზე მაღლა, რომელთაც იციან, რომ ქვეყანაზე და მის სიყვარულზე არაფერი არასოდეს არ უნდა იდგეს. ეს ადამიანები არიან გამარჯვებულები, არიან ძლიერნი და მომავალი მათია, რადგან სახელმწიფო არ არსებობს თუ არ არსებობს ძლიერი, ღირსეული საჯარო მოხელე, ესაა საყრდენი, ესაა მეხსიერება, ესაა ყველაფერი, რაც ქმნის სახელმწიფოს. ჩვენთვის ყველაძე ძვირფასი არის სახელმწიფო, საქართველო მხოლოდ ბუნება არ არის, მხოლოდ ადამიანებიც არ არის, არის სწორედ ის, რაც მოდის საუკუნეების შემდეგ, რაც შეიქმნა ძნელად, ბრძოლით და რაც ჩამოყალიბდა, როგორც სახელმწიფო. ამას ვიცავთ დღეს, ვიცავთ რუსებისგან გარეთ, ვიცავთ შიდა რუსებისგან.ბევრნი არიან თუ ცოტა არიან, არ ვიცით, ვინ რისთვის დგას იმ მხარეს, რომელიც არ არის საქართველოს მხარე.
მაგრამ ეს დაყოფა, დაყოფაც არ გაძლებს იმიტომ, რომ ბოლოს დადგება ის დრო, როცა ისევ დავუბრუნდებით სწორედ ერთობას, ერთიანობას, რადგანაც ეს არის, რაც ჩვენ ვიცით, რომ ამით გადავრჩებით, ჩვენ ამით გადავრჩით საუკუნეების მანძილზე, როცა ერთად ვიყავით და დღეს ის, რაც ხდება და რაც არის ნამდვილი სასწაული, დღეს როცა გაიშალა ეს უზარმაზარი სუფრა რუსთაველზე, რომელიც სწორედ არის ერთიანობის სუფრა, სიყვარულის სუფრა, მომავლის სუფრა, ამით ჩვენ ყველგან გავალთ, ყველას გავაკვირვებთ, ამით ჩვენ ყველას გავაკვირვებთ, როცა ერთად ვიმღერებთ მრავალჟამიერს, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი სული, ჩვენი ძალა, რასაც ვერავინ ვერასდროს წაგვართმევს", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.