მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, სოფელ ნახიდურთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაიღუპა ორი მოზარდი - მე-11 კლასელი სინან შარიფოვი და მე-9 კლასელი ელჩინ ბინათოვი.
ტრაგიკული შემთხვევა გუშინ, 30 დეკემბერს, საღამოს მოხდა.
ერთ-ერთი მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი საავამდყოფოში მიყვანის შემდეგ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგად ორი არასრულწლოვანი დაიღუპა, ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა და ვითარება დაიძაბა.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ საპოლიციო ძალები, საპატრულო პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.
დაპირისპირება მოხდა როგორც ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, ასევე, მოქალაქეებსა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს შორის.
შეკრებილებმა გადააბრუნეს როგორც შეჯახებაში მონაწილე ავტოსატრანსპორტო საშუალება, ასევე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის ავტომობილი.
ასევე, მათ დააზიანეს და ფანჯრები ჩაუმსხვრიეს ადგილზე მყოფი სხვა მოქალაქეების ავტომობილებს.
შეკრებილი პირები ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალების მგზავრებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევდნენ, ასევე, სამართალდამცველებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში უშლიდნენ ხელს. ამასთან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ.
სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, შემთხვევის ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, მათ შორის საპატრულო, კრიმინალური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლები“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, დაპირისპირების შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელმა და დაშავდა რვა მოქალაქე, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. მათი ნაწილი ამ დრომდე რჩება სამედიცინო დაწესებულებებში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით დააკავა 2003 წელს დაბადებული პირი, რომელიც მანქანას მართავდა. როგორც უწყება წერს, "აღნიშნული პირი საავტომობილო გზაზე, თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით ოთხ მგზავრთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგად, ქვეითად მოძრავი ორი მოზარდი, აქედან ერთ-ერთი ადგილზე, ხოლო მეორე სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა".