საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი „ტვ პირველზე“ გდდ-ს ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელის, ირაკლი შაიშმელაშვილის ინტერვიუს ეხმიანება.
"ჟურნალისტები მწერენ ტვ პირველზე გასული სიუჟეტის შესახებ.
ახლა ვერ გპასუხობთ, დასაგეგმი და ჩასაშლელი მაქვს შესაბამის განყოფილებებში სპეცდანიშნულების დანაყოფების ხვალინდელი განლაგება" - წერს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
პოლიციის პოლკოვნიკის ირაკლი შაიშმელაშვილის თქმით, 5 ივლისის მოვლენები საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძესთან იყო შეთანხმებული.
მისივე მტკიცებით, ჯაღმაიძესთან კომუნიკაციის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ბედოიძემ აცნობა და გეგმა, რომელიც გდდ-ს ჰქონდა შემუშავებული, ამ არგუმენტით არ აამოქმედეს.
„სადაც გვყავდა ქვედანაყოფები განსაზღვრული, იქ არ დაგვაყენებინეს იმ რაოდენობებით, რა რაოდენობებითაც განსაზღვრული გვქონდა და გვითხრეს, რომ ანდრია ჯაღმაიძესთან არის შეთანხმებული სიტუაცია და ყველაფერი ისე იქნება, როგორც უნდა იყოს.
ქვედანაყოფებისთვის ადგილმდებარეობა შეგვაცვლევინეს. ამ გადაწყვეტილებას იღებდა შალვა ბედოიძე, შსს-ს მინისტრის მოადგილე. ბედოიძემ თქვა სწორედ, რომ ჯაღმაიძესთან არის გავლილი თემა. რომ დაგვირეკეს უკვე რომ ჩავრთულიყავით ამოცანაში, იქ არსებული რესურსი ფიზიკურად რაოდენობრივად აღარ ეყოთ და 10-15 წუთში მოხდა ის, რაც მოხდა. სამწუხაროდ, ჩვენი ქვედანაყოფები როცა მივიდნენ, ყველა ნაცემები იყვნენ“. - ამბობს შაიშმელაშვილი “ტვ პირველის“ ეთერში ნოდარ მელაძესთან მიცემულ ინტერვიუში.
.2021 წლის 5 ივლისს ჰომოფობიური, ჯგუფების წარმომადგენლებმა დაარბიეს "თბილისი პრაიდის" და "სირცხვილიას" ოფისები, თავს დაესხნენ მედიას - დაშავდა 53 ჟურნალისტი.