აგარის შაქრის მწარმოებელი ქარხნის თანამშრომლები დაპირებულ მე-13 ხელფასს ითხოვენ, დირექტორთა საბჭო კი საპასუხოდ თანამშრომლებს 2 ტომარა შაქარს სთავაზობს და 31 დეკემბრიდან კონსერვაციის რეჟიმში გადასვლას აპირებს. ინფორმაციას მაუწყებელი ავრცელებს.
„31 დეკემბერს დასრულდება მათი ხელშეკრულებებიც და ქარხნის მუშაობაც,” bm.ge-სთან განაცხადა ნიკოლოზ ნათბილაძემ, აგარის დირექტორთა საბჭოს წევრმა. მან ასევე დასძინა, რომ თანამშრომლები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ და საბჭოს მხრიდან მე-13 ხელფასის დაპირება არ ყოფილა.
აგარის ქარხანაში 400-მდე ადამიანია დასაქმებული. ის ერთადერთი საწარმოა დაბაში, რაც იმას ნიშნავს, რომ აგარის მაცხოვრებლები ეკონომიკურად სრულად არიან დამოკიდებული ამ ქარხნის მუშაობაზე. წელიწადში საშუალოდ 3 თვის განმავლობაში ქარხანა დროებით წყვეტს მუშაობას. სწორედ ამ პერიოდში, მშრომელებისთვის უმნიშვნელოვანესია წინასაახალწლოდ მე-13 ხელფასით სარგებლობა, რომ ქარხნის ამუშავებამდე თავის გატანა შეძლონ.
მშრომელები აცხადებენ, რომ ბოლო თვეში, სამუშაო ძალის დეფიციტის გამო, გამორმაგებული ძალებით მუშაობდნენ, თუმცა, დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ისინი მე-13 ხელფასს ვერ მიიღებენ, ბაზარზე კონკურენციის და “ცუდი ფინანსური წლის” გამო.
“საახალწლოდ ადრე 1 ტომარა მათ ყოველთვის ჰქონდათ საჩუქრად, წელს ისე გავაკეთეთ რომ 2 ტომარას ვჩუქნით თითო თანამშრომელს. შარშან რომ მიიღეს მე-13 ხელფასი, ეტყობა წელსაც ჰქონდათ ამის მოლოდინი. შედეგი არ არის შესაბამისი, როგორიც შარშან იყო და შესაბამისად ვერანაირად ამ გადაწყვეტილებას ვერ შევცვლით,“ განაცხადა ნათბილაძემ bm.ge-სთან.
აგარასთან მშრომელების პროტესტი გრძელდება. ისინი სახელმწიფოს პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებენ.