თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელიც საკრებულომ უკვე დაამტკიცა, უპრეცედენტოდ გაზრდილია.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ბიუჯეტის მოცულობა 2 მილიარდ 455 მლნ ლარს შეადგენს.
„გუშინ საკრებულოში გვქონდა შეკრება, სადაც თბილისის მოსახლეობას ჩავაბარეთ ანგარიში, თუ რა გაკეთდა 2024 წელს, რა პროექტები განვახორციელეთ. ეს წელი შთამბეჭდავი იყო, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გავაკეთეთ. ვხედავთ და ვაცნობიერებთ იმ გამოწვევებს, რაც ჯერ კიდევ რჩება ქალაქში და მაქსიმალურად ვცდილობთ, შესაბამისად ვუპასუხოთ მათ. მზად ვართ, ღირსეულად ვემსახუროთ თბილისს და ყველა პრობლემა ეტაპობრივად დავძლიოთ. მინდა, საკრებულოს თითოეულ წევრს თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო. გუშინ დამტკიცდა დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტი, რომლის მოცულობა 2 მილიარდ 455 მლნ ლარია. 2017 წელს, როდესაც დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ მერად ამირჩია, 2018 წლის ბიუჯეტი, დაახლოებით, 800 მილიონ ლარზე მეტი იყო. 2025 წლის ბიუჯეტიც მიმართულია პრიორიტეტული საკითხების გადაჭრაზე, რაც ქალაქს კიდევ უფრო განავითარებს, დაამშვენებს და კომფორტულს გახდის. მომავალ წელსაც განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს დაეთმობა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.