საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (NCEQE) უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრაცია შეუჩერდა.
EQAR-ის ვებგვერდზე ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტის რეგისტრაციის სტატუსში აღნიშნულია, რომ ცენტრის რეგისტაცია EQAR-ის განაცხადების მიღების პროცედურის 4.15-ე პუნქტის შესაბამისად შეჩერებულია.
"უარყოფის გადაწყვეტილების შემდეგ სააგენტოს რეგისტრაცია შეჩერდება მანამ, სანამ საბოლოო გასაჩივრებაზე არ იქნება გადაწყვეტილება მიღებული ან გასაჩივრების ვადა არ ამოიწურება. გადაწყვეტილების საბოლოოდ მიღების შემდეგ, სააგენტო რეგისტრაციიდან სრულად მოიხსნება ან [რეგისტრაცია] შესაბამისად აღუდგება". - წერია აღნიშნულ პუნქტში.
იმის შესახებ, რომ EQAR ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეგისტრაციის შეჩერებას აპირებდა, ინფორმაცია თავდაპირველად 6 დეკემბერს გავრცელდა.