ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ინაუგურაციის შემდეგ ღირსების ორდენზე წარვადგინოთ შსს-ს ხელმძღვანელი თანამდებობის პირები, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 20 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე, მთავრობის კანცელარიაში.
მან ჩამოთვალა პირები, რომლებიც ღირსების ორდენზე იქნებიან წარდგენილნი.
"ესენი გახლავთ, 11 თანამდებობის პირზეა საუბარი: შინაგან საქმეთა მინისტრი და ვიცეპრემიერი ვახტანგ გომელაური, შს მინისტრის პირველი მოადგილე შალვა ბედოიძე, შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, შს მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, შს მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თემურ კუპატაძე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სულხან თამაზაშვილი, გდდ-ს დირექტორის მოადგილე მილერი ლაგაზაური, გდდ-ს დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძე.
ინაუგურაციის შემდეგ შსს-ს 11-ვე წარმომადგენელი იქნება წარდგენილი ჩვენი მხრიდან ღირსების ორდენზე", - თქვა კობახიძემ.
მისივე თქმით, თუ სანქციების გამო რომელიმე მოხელეს შეექმნება ფინანსური დანაკლისი, სახელმწიფო აანაზღაურებს.
"თუკი რომელიმე მოხელეს წარმოექმნება რაიმე ფინანსური დანაკლისი ამ სანქციებიდან, ქართული სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ამ დანაკლისის კომპენსირებას - ეს ერთი.
ეს არ არის მარტო სანქციებზე პასუხი, ეს არ არის მხოლოდ უსამართლო გადაწყვეტილებაზე პასუხი, ეს არის პირველ რიგში პასუხი ღირსეულ ქმედებებზე, რომლებსაც ახორციელებენ შსს-ს წარმომადგენლები.
ეს არის ღირსებაზე და ჰუმანურობაზე პასუხი", - თქვა მან.