„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია, საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპული საბჭოს დელეგაციასთან შეხვედრაზე არ მიდის და წერს, რომ პოლიტპატიმრების მონახულების გარეშე ეს ვიზიტი არასწორია.
„გუშინ გავაკრიტიკე ევროსაბჭოს ვიზიტის ფორმატი. განმარტება მინდა გავაკეთო.
1. ევროსაბჭო არაა ქვეყანა, ორგანიზაციაა და არანაირ აღიარებასთან კავშირი არ აქვს. წევრები ვართ მანდ. ოცნება იყენებს პროპაგანდაში და სამწუხაროა, რომ ამის საშუალება მისცეს
2. მათი მთავარი მანდატი ადამიანის უფლებებია. პოლიტპატიმრებთან არმისვლა, ციხეში არ შესვლა ამ მომენტში მათ მეორე დიდ შეცდომად მიმაჩნია. სრული პატივისცემით, მაგრამ ამ მიზეზების გამო შეხვედრაზეც არ მივდივარ
ხდება ხოლმე, რომ ორგანიზაციები ცდებიან, ამაზე ლაპარაკი არ ტეხავს, მთავარი ჩვენი პოზიციების სიმყარე და პრინციპულობაა. პოლიტპატიმრების გარეშე ეს ვიზიტი არასწორია!" - წერს ელენე ხოშტარია.
გუშინ, 18 დეკემბერს ალენ ბერსე შევხდა სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე, ირაკლი კობახიძეს და ბიძინა ივანიშვილს.
კობახიძესთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი თამარ ტალიაშვილი.
გუშინვე სპეციალური განცხადება გაავრცელა "კოალიციამ ცვლილებისთვის" და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მოუწოდა, მკაფიო პოლიტიკური გზავნილები დააფიქსიროს ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და ახალი არჩევნების დანიშვნის აუცილებლობაზე.