კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო საპოლიციო ძალებს, რომლებმაც, საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად, უდიდესი ძალისხმევა გასწიეს ძალადობის შესაჩერებლად და მართლწესრიგის აღსადგენად, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას დღევანდელ დღეს გააჩნია უმთავრესი ვალდებულება, უზრუნველყოს წესრიგი და არ დაუშვას არეულობა და რაიმე უმართავი პროცესი.
"განვლილი ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ საპროტესტო აქცია, რომლის ეპიცენტრიც იყო აქ, პარლამენტის სასახლის გარშემო და რომელიც სამწუხაროდ ყოველდღიურად იღებდა ძალადობრივ ხასიათს. ბუნებრივია, ჩვენ ვნახეთ მშვიდობიანი დემონსტრანტებიც, რომლებიც აქ დგომით გამოხატავდნენ თავის პროტესტს თუ სოლიდარობას, თუმცა ვნახეთ უკიდურესად აგრესიული ჯგუფებიც, რომლებმაც მთლიან აქციას მისცეს ძალადობრივი ხასიათი. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო საპოლიციო ძალებს, რომლებმაც, საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად, უდიდესი ძალისხმევა გასწიეს ძალადობის შესაჩერებლად და მართლწესრიგის აღსადგენად.
ძალადობრივი ჯგუფებისგან ინიცირებულ და გამოწვეულ შეტაკებებს არაერთი დაზარალებული ჰყავს. მინდა, თითოეულ მათგანს ვუსურვო ჯანმრთელობა. რაც მთავარია, მინდა, კიდევ ერთხელ, როგორც წინა დღეებში, გავაკეთო მოწოდება, რომ შეწყდეს ძალადობა, შეწყდეს აგრესია და პოლიტიკური პროცესი დაბრუნდეს სამართლებრივ კალაპოტში. პროცესი უნდა დაბრუნდეს საჯარო სივრცეში, პარლამენტის კედლებში, სატელევიზიო სტუდიებში და თუნდაც ქუჩაში, ოღონდ შესაბამისი ფორმით, რომელიც არ გამოიწვევს არეულობას. საზოგადოება დაიღალა და ჩვენ ვხედავთ ამას. ჩვენ ვართ უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლება, მაგრამ გვესმის ყველას ხმა“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.