დროებითი საცხოვრებელი სახლებიდან გამოსახლებულ დევნილებს სამეგრელოსა და კახეთის რეგიონებში ჩაასახლებენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში განუცხადეს, შესაბამისი რაიონების სოფლებში მათ გარემონტებული სახლები დახვდებათ.
"სამინისტრომ დევნილთა ჩასახლებისთვის ორი რეგიონი: კახეთი და სამეგრელო შეარჩია. იქ დევნილებს გარემონტებული საცხოვრებელი სახლები დახვდებათ, რომლებიც საკუთრებაში გადაეცემათ", - განმარტავენ სამინისტროში.
რაც შეეხება იმას, არსებობს თუ არა რეგიონებში მათი დასაქმების პერსპექტივა, სუბელიანის უწყებაში განმარტავენ, რომ სამინისტრო ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.
"ჩვენ შევეცდებით შევიმუშაოთ შესაბამისი პროექტები, რომ დევნილთა დასაქმება მოხდეს, თუმცა, ბუნებრივია, ამის გარანტია არ არსებობს", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ დევნილთა გამოსახლების პროცესი, რომელიც საახალწლოდ შეჩერდა, დღეს განახლდა. ამ წუთებში თბილისში არსებულ რამდენიმე შენობას იძულებით გადაადგილებულ პირებს პოლიცია ატოვებინებს.