საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობას განვიხილავთ, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ქალაქ კლაიპედაში, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან, ედგარს რინკევიჩსთან და ალარ კარისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლიეტუვის პრეზიდენტმა საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა დაგმო და აღნიშნა, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარს უჭერს.
„ევროინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციაშია დაფიქსირებული, ამიტომ ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ეს გაუგებარია ჩვენი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადმოსახედიდან
საქართველოში დეკემბერში ვიზიტის შესაძლებლობას განვიხილავთ, ეს შესაძლებლობა კვლავ ღიაა და ამას პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთანაც განვიხილავთ. ვფიქრობ, რაც უფრო ერთიანები ვიქნებით საქართველოსთან დაკავშირებით, უფრო ეფექტურად შევძლებთ ევროკავშირის პოლიტიკის განხორციელებას. ეს არის მიზეზი, თუ რატომაც ვუჭერ მხარს საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს, რომლებიც შეიძლება ევროპის დონეზე დაწესდეს“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
გიტანას ნაუსედას თქმით, აღნიშნულ საკითხს ევროპული საბჭოს მომავალ შეხვედრაზე დააყენებს.