საკმარისი დრო გავიდა და საკმარისი მოვლენები დატრიალდა, რომ ემოციები ჩაცხრეს, ცხოვრება დაუბრუნდეს ჩვეულ კალაპოტს, ისევე როგორც კონსტიტუციურ ჩარჩოში უნდა დაბრუნდნენ პოლიტიკური პარტიებიც და მათი მხარდამჭერებიც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია მშვიდობა, სტაბილურობა, ევროპული მომავალი და ქვეყნის გამთლიანება.
„მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია მშვიდობა, სტაბილურობა, ევროპული მომავალი და ქვეყნის გამთლიანება. სამწუხაროდ, რევანშისტული და რადიკალური ძალები არათუ ქვეყნის და სახელმწიფოს, თავიანთი ამომრჩევლის ნდობასაც აცრუებენ. მიმდინარე დღეებში ჩვენ ვხედავთ სწორედ ასეთ სასოწარკვეთილ მცდელობას, იქნებ ამ უკანასკნელ ჯერზე მაინც შეძლონ და ამოატრიალონ ქვეყანა. ეს არც გამოვიდა და ვერც გამოვა. ვფიქრობთ, რომ საკმარისი დრო გავიდა და საკმარისი მოვლენები დატრიალდა, რომ ემოციები ჩაცხრეს, ცხოვრება დაუბრუნდეს ჩვეულ კალაპოტს, ისევე როგორც კონსტიტუციურ ჩარჩოში უნდა დაბრუნდნენ პოლიტიკური პარტიებიც და მათი მხარდამჭერებიც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მიმდინარე პროტესტს არ აქვს არავითარი შინაარსი.
„ამიტომაც, არ მოგვისმენია გამოსვლები, ამიტომაც გაექცნენ დებატებს, ამიტომაც ამჯობინეს ხმაური საუბარს. აპროტესტებენ იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს. ვერავინ ახერხებს თქვას და დაასახელოს კონკრეტული და ხელშესახები ფაქტორი, რომელსაც ევროკავშირი გვთავაზობს, ხოლო ხელისუფლება უარს ამბობს. ყველამ ვიცით, რომ ევროკავშირის წევრობის შესაძლებლობა მხოლოდ 2030 წელს გაჩნდება. ჩვენ გეგმა სწორედ ამ თარიღზეა მიმართული.მოლაპარაკებების გახსნა ევროპული სტრუქტურების ხელშია. საქართველო ყველაზე მეტად იმსახურებს და ყველაზე მეტად მზადაა პროცესის დასაწყებად. გაგვიხსნიან, მივიღებთ, ხელს მოვაწერთ და შევასრულებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.