ორგანიზაცია “უფლებები საქართველო” აცხადებს, რომ 20 წლის ბიჭი, რომელიც დაკავებისას სასტიკად სცემეს, სასამართლოს დარბაზიდან კლინიკაში გადაიყვანეს. იგი 35 საათის განმავლობაში სამედიცინო დახმარებას ითხოვდა.
საქმე ეხება 4 დეკემბერს, გამთენიისას დაკავებულ და ნაცემ ბიჭს.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ დაჟინებით ითხოვდნენ მის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას, ბოლოს კი სასამართლოს შენობიდან სასწრაფო დახმარების მანქანამ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოში გადაიყვანა.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისი სასამართლო პროცესი 12 დეკემბრამდე გადაიდო.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 20 წლის ბიჭი 4 დეკემბერს გამთენიას მეტროსადგური ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
"უფლებები საქართველო", ბიჭის მონათხრობზე დაყრდნობით, მისი დაკავების ეპიზოდს ასე აღწერს:
"იმყოფებოდა მარტო და ელოდებოდა მეგობარს. ჰყვება, რომ იქვე მდგარი პიკაპის ავტომანქანაში მყოფმა ნიღბიანმა პირებმა დაუწყეს გინება და მუქარა. სცადა ტერიტორიის დატოვება, თუმცა, ნიღბიანები გაქცეულ ბიჭს დაედევნნენ ავტომობილით - ლამის დააჯახეს, გადმოცვივდნენ მანქანიდან და დაიჭირეს.
„მაგინებდნენ, ცოცხალს არ დაგტოვებო. ერთმანეთს ეუბნებოდნენ მოკალით და სადმე გადააგდეთ, ვინ გაიგებსო. მირტყამდნენ და იცინოდნენ“, - უთხრა ადვოკატს დაკავებულმა. დასისხლიანებულს სუნთქვა უჭირდა და ხელს აფარებდნენ პირზე - გამეტებით ურტყამდნენ თავში, სახეში და წიხლებს მთელ სხეულზე, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით და მოკვლით.
ცემით და გინებით მიიყვანეს ბუკიას ბაღთან, საიდანაც სამმა პოლიციელმა გადაიყვანა ჯერ სამმართველოში და შემდეგ - დიღმის იზოლატორში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
რადიო თავისუფლება