ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მოვლენა მოხდა, რომელიც მხოლოდ ფილმებში მინახავს, - ამის შესახებ მსახიობმა გიორგი ნაკაშიძემ გადაცემა „რეაქციაში“ საპროტესტო აქციების დარბევასა და მის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ადამიანის მოსაძებნად შევედი, წამავლეს ხელი და წამიყვანეს, არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია. სამი ადამიანი შემოიყვანეს... არ შეიძლება ადამიანის ასე ცემა და დამცირება, როგორ შეიძლება ასე ერი და ადამიანი გაიმეტო. პოლიციის შენობაში ვიდრე გადაგვიყვანდნენ, ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მოვლენა მოხდა, რომელიც მხოლოდ ფილმებში მინახავს.
დროდადრო მოჰყავდათ ხალხი, ასევე უმოწყალოდ ნაცემები და ივსებოდა დიდი დარბაზი. ყველა პირადი ნივთი ჩამოგვართვეს, მხოლოდ პიდარობის მოწმობა დამიტოვეს.
35 წლის წინ, ჩემს მეგობრებთან ერტად ვიდექი და ომში ვიყავი წასული, უმაგრეს ბიჭებთან ერთად და ეს ყველაფერი ასე ფუჭად უნდა წავიდეს? ალბათ, იმ ხალხშიც გაიღვიძებს რაღაც სუფთა, რადგან ამ ქვეყანას არ ეკადრება ის , რაც ახლა გარეთ ხდება“, - იხსენებს ნაკაშიძე.
მანამდე გიორგი ნაკაშიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აქციაზე საპოლიციო ძალებმა დააკავეს.