მივმართავ შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ შეჩერდეს წამება, - ამის შესახებ წერს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული.
„ამ დროისათვის გავრცელებული არაერთი ინფორმაციით, ადგილი აქვს ჩვენი თანამემამულეების წინააღმდეგ სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობას, რასაც ადასტურებს არაერთი მსხვერპლი.
საქართველოს კონსტიტუციის 8, 9, 10 მუხლები, აგრეთვე სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმების მუხლი 1.1 ავალდებულებენ სახელმწიფოს და ეკლესიას იხელმძღვანელონ და დაიცვან საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს ქრისტიანული მოძღვრება.
მოგეხსენებათ, საქართველოს სახელმწიფო შეერთებულია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ კონვენციას და აღიარებს კონვენციით გათვალისწინებულ წამების საწინააღმდეგო კომიტეტის კომპეტენციას.
მივმართავ შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ შეჩერდეს წამება. ვალდებული ვართ, ხმა ავიმაღლოთ ამ ბოროტების წინააღმდეგ!“, - წერს მეუფე ზენონი