სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის თქმით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულების უდიდესი ნაწილი პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს.
"სახალხო დამცველის აპარატი მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული და დაშავებული პირების მონახულებას უწყვეტად განაგრძობს. ამ დროისთვის, ჩემმა რწმუნებულებმა 260 ადამიანი მოინახულეს - სამწუხაროა, რომ აქედან 188 მოქალაქე პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. ჩვენი აპარატის წარმომადგენლებს ვიზიტები ჰქონდათ: თბილისში; ბათუმში; ქუთაისში; ოზურგეთში; გორში; ბაღდათში; ზესტაფონში; სამტრედიაში; მცხეთაში; ბაკურიანში; ხაშურში; გურჯაანში; სიღნაღში; საგარეჯოსა და დუშეთში განთავსებულ დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში.
შემაშფოთებელია ის მეთოდები, რომელსაც სამართალდამცველები მოქალაქეების დაკავების დროს იყენებენ. ცემასა და არასათანადო მოპყრობაზე საგანგაშოდ ბევრი დაკავებული მიუთითებს. მათი მითითების მიღმა, ეს მეთოდები მედიის მიერ გავრცელებულ კადრებშიც ცხადად ჩანს". - თქვა იოსელიანმა.