კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციონერ ალეკო ელისაშვილზე თავდასხმაში "ქართული ოცნების" ტიტუშკები და ზონდერები მონაწილეობდნენ და მათ თავისუფლების მოედანზე მობილიზებული პოლიციელები მშვიდად უყურებდნენ.
„ბიძინა ივანიშვილის რუსულმა სამარცხვინო რეჟიმმა, გუშინ, კოალიციურ პარტიებს, პროდასავლურ პარტიებს, რომლებიც იკრიბებოდნენ "ქორთიარდ მარიოტში", სადაც მთელი პოლიციის კორდონია და ეს წესით უნდა ნიშნავდეს უფრო მეტ უსაფრთხოებას, მოაწყო თავდასხმა პოლიტიკოსებზე და გაიტაცა ჩვენი თანამებრძოლი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი. გაიტაცა დიახ. შავრაზმელებმა ნიღბებიანებმა გაიტაცეს. არანაირი ამის საჭიროება არ იყო და არანაირი თავდასხმის და ჩასაფრების მოწყობა არ იყო საჭირო. ეს თავდასხმა მოხდა ტიტუშკების და ზონდერების მონაწილეობით, რომელსაც ძალიან წყნარად უყურებდნენ პოლიციელები.
მინდა ვუთხრა ყველა პოლიციელს, რომ თქვენი რიგები არის უკვე იდენტიფიცირებული, გადაცმული ადამიანების რიგები არის იდენტიფიცირებული და ვერცერთს ვერ გექნებათ საშუალება, რომ გააგრძელოთ მუშაობა ორგანოში მომავალში და ეს მომავალი ძალიან მალე დადგება იმიტომ, რომ თქვენ ასრულებთ დანაშაულებრივ დავალებებს, თქვენ არ ემსახურებით კანონს, თქვენ ასრულებთ ერთი კაცის ხუშტურებს, რომელსაც თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები მიჰყავს რუსეთში. და თქვენ ასახიჩრებთ თავისუფლებისმოყვარულ ახალგაზრდებს..." - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.