მწერალთა სახლში შეკრებილი მწერლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მიმართავენ მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დოლიძეს, ოფიციალური განცხადებით „დაუყოვნებლივ გამოხატოს მწერალთა სახლის პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“.
„2024 წლის 3 დეკემბერს მწერალთა სახლში შეკრებილი ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები მოვითხოვთ, საქართველოს მწერალთა სახლმა შეასრულოს თავისი ინსტიტუციური ვალდებულება, დაუყოვნებლივ გამოხატოს პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ოფიციალურ „ფეისბუკგვერდზე“ გამოაქვეყნოს შემდეგი განცხადება:
სასწრაფოდ გათავისუფლდეს პატიმრობიდან პოეტი ზვიად რატიანი და გადაიყვანონ ის კლინიკაში, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და სჭირდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება; დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან პოეტი და მასწავლებელი, თორნიკე ჭელიძე;
სოლიდარობას ვუცხადებთ აქციაზე სასტიკად ნაცემ მთარგმნელს, დათა ხარაიშვილს და საპროტესტო აქციების ყველა მონაწილეს, რომელიც ამ დღეებში საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლების ძალადობის მსხვერპლი გახდა. ვგმობთ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას და ქვეყნის ევროპული კურსის ღალატს.“, - ნათქვამია განცხადებაში.