ნურავის ექნება ილუზია, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება, „ნაცმაიდანი“ მოახდინონ, რადგან ჩვენ სამშობლოს ვემსახურებით და არა სხვებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე სვლა არ იქნება მარტივი, მაგრამ „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხს ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრებად გახდის.
„ჩვენ მხარეს არის სიმართლე, არის ხალხი, არის სამშობლოს რეალური შეგრძნება და არა პიარისათვის გამოსაყენებელი სამშობლო, რომელიც მათთვის, რეალურად, არ არსებობს. რას არ კადრულობენ, როგორ აბულინგებენ ადამიანებს, წარმოუდგენელ ბულინგს მიმართავენ. „ქოლცენტრები“ აქვთ გახსნილი, მათ შორის პოლიტიკოსებსაც გვწერენ, მაგრამ ისეთ პასუხებს იღებენ, შემდეგ აღარ სჯერათ, რომ ჩვენ ვართ. ჩვენც ადამიანები ვართ, ემოციები გვაქვს და თმენის ვალდებულებას რაღაც ზღვარი გააჩნია. პირადში რომ ასეთ შეურაცხყოფას გაყენებენ, ალბათ პასუხიც ადეკვატურია. თუ უნდათ, რომ „ქოლცენტრებიდან“ ასეთი რაღაცები დააორგანიზონ, თუ მაგრები არიან, გამოაქვეყნონ, რა პასუხებსაც ჩვენ ვწერთ, მაგრამ არა, მათ უნდათ სურათის შექმნა, თითქოს „ქართული ოცნება“ შეშინებულია. შეშინებულის ჩვენთან არავის არაფერი ეტყობა და მათი გეგმები ყოველთვის ასე ჩაივლის, წყალში გადაიყრება, რადგან მათი არცერთი გეგმა სამშობლოს არ ემსახურება, არ ემსახურება სიმართლეს. ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე მივაღწევთ ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას. მარტივი არ იქნება, ამას შეგუებული ვართ და ქართველი ხალხიც ამას შეეგუა. ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი სვლა არ იქნება მარტივი, სირთულით, მაგრამ ღირსეულად ჩვენს სამშობლოს და ჩვენს ხალხს გავხდით ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრებს, როგორც ამას ჩვენი ისტორიული კავშირი, კულტურა, მენტალობა და ქრისტიანული, დემოკრატიული ევროპის აღქმა გვკარნახობს“, – განაცხადა მდინარაძემ.