შეერთებული შტატის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელი და დემოკრატი წევრები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი კიდევ ერთხელ ეხმიანებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
სენატორები აცხადებენ, რომ კონგრესის ორივე პალატაში, საქართველოს ხალხის მიმართ ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერაა, რაც არ შეიცვლება.
"ღრმად შეშფოთებულნი ვართ საქართველოში მიმდინარე მოვლენებით, სადაც მშვიდობიან საპროტესტო აქციებს უხეში ძალითა და ძალადობით დაუპირისპირდნენ, რაც მოჰყვა საქართველოს მთავრობის არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას, შეეჩერებინათ ევროკავშირში გაწევრიანება და ამით უგულებელეყოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფება. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რომელსაც აქვს მშვიდობიანი პროტესტის უფლება.
აშშ-ის კონგრესში არის ძლიერი ორპარტიული, ორპალატიანი მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ და ჩვენ ვიმუშავებთ, რომ საქართველოს მთავრობა და პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან არჩევნებში ჩარევაზე, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობასა და სხვა ქმედებებზე, რომლებიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, პასუხი აგონ.
"მოვუწოდებთ სახელმწიფო დეპარტამენტს, გამოხატოს თავისი პოზიცია მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის ახლანდელ გამოყენებასთან დაკავშირებით და მოვუწოდებთ ამჟამინდელ და მომავალ ადმინისტრაციას, მხარი დაუჭირონ თავისუფლებასა და დემოკრატიას საქართველოში. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების თაობაზე კარგი დასაწყისია, მაგრამ ახლა დადგა დრო, გამოვიყენოთ შეერთებული შტატების მთავრობის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის სანქციები, რათა შევახსენოთ საქართველოს მთავრობას, რომ ქმედებას შედეგი მოჰყვება. ქართველი ხალხი იმსახურებს იცოდეს, რომ შეერთებული შტატები ვითარების გაუარესების ფონზე ჩუმად არ იჯდება", - წერია განცხადებაში.