სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა მიმართ და არ გააგრძელოს შეკრების შეწყვეტა.
"სახალხო დამცველი ეხმიანება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლას (21:15-22:00) და როგორც წინა დღეებში არაერთხელ მიგვითითებია, იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული პირების მიერ ადგილი აქვს ძალადობრივ ქმედებებს, მათ მიმართ ინდივიდუალურად უნდა გატარდეს შესაბამისი პროპორციული ღონისძიებები და არ უნდა ხდებოდეს მშვიდობიანი შეკრების დაშლა.
სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს - არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა მიმართ და არ გააგრძელოს შეკრების შეწყვეტა", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
მეხუთე დღეა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალქებში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები იმართება. მოქალაქეები ეწინააღმდეგებიან მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე. პოლიცია იყენებს სხვადასხვა სპეციალურ საშუალებას აქციის მონაწილეთა დასარბევად და დასაშლელად.
ფოტო: AFP/Giorgi Arjevanidze