ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს აშფოთებს „ქართული ოცნების“ ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანას ევროპასთან უფრო მეტად ინტეგრაციის გზისგან აშორებს. ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს.
სახელმწიფო დეპარტამენტში 2 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, მეთიუ მილერს ჟურნალისტმა ჰკითხა, რა უშლის ხელს სახელმწიფო დეპარტამენტს, სანქციები დაუწესოს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. მეთიუ მილერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი, სანქციების დაწესების შესახებ წინასწარ არ საუბრობს.
„ჩვენ, ამ პოდიუმიდან წინასწარ არ ვსაუბრობთ სანქციების შესახებ. როდესაც სანქციები გვაქვს, მათ შესახებ განცხადებას ვაკეთებთ. თქვენ უკვე იხილეთ, რომ დავაწესეთ სანქციები ქართველ ოფიციალურ პირებზე, დავაწესეთ სავიზო შეზღუდვები. მივიღეთ სხვა ზომები - შევაჩერეთ $95 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება, რომელსაც საქართველოს მთავრობა იღებდა და ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ შეშფოთებულნი ვართ იმ ნაბიჯებით, რაც მათ გადადგეს ევროპასთან უფრო დიდი ინტეგრაციის გზიდან გადასასვლელად, რომელსაც ისინი მიყვებოდნენ და ვიცით, რომ ქართველი ხალხი მხარს უჭერს“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.
ჟურნალისტის დამატებით კითხვაზე პასუხად, რომელმაც მიმოიხილა საქართველოში მიმდინარე მოვლენები, საპროტესტო დემონსტრაციები და მათ წინააღმდეგ გამოყენებული ძალის შედეგად დაშავებულების საკითხი, მეთიუ მილერმა თქვა - „ჩვენ ქართველი ხალხის მხარეს ვართ“.