მივმართავ ჩვენს მართლაც საამაყო პოლიციელებს, თქვენ ეს დღეები ნათლად აჩვენეთ სამართალდამცავის ღირსება - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
„მივმართავ ჩვენს მართლაც საამაყო პოლიციელებს, თქვენ ეს დღეები ნათლად აჩვენეთ სამართალდამცავის ღირსება და იმიჯი. მადლობას გიხდით მოთმინებისთვის, იმ შეურაცხყოფის ატანისთვის, რასაც გაყენებენ; კარგად გაქვთ გაცნობიერებული, რომ ნებისმიერმა გადაცდომამ და წყობიდან გამოსვლამ შეიძლება რადიკალების წისქვილზე დაასხას წყალი და გამოუსწორებელი შედეგი დააყენოს. იყო რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი, რომელიც აუცილებლად საჭიროებს მოკვლევას.
რადიკალების ხელწერა იყო და რჩება საზოგადოების ბულინგი, ყველა იმ ადამიანის ბულინგი და შეურაცხყოფა, ვინც მათ ავანტიურისტულ იდეებს არ იზიარებს. სოციალურ ქსელებში დაფინანსებული ფეიჯებით ორგანიზდება მივარდნა, ლანძღვა-გინება მათთვის არასასურველი ყველა პირის მიმართ, ვისაც განსხვავებული მოსაზრება აქვს. ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი. იგივეს აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. შეიძლება პარტიებად დაიშალნენ, მაგრამ ეს ხალხი, ყველა „ნაცმოძრაობის“ წიაღიდან მოდის.
მეგობრებო, ყველა ეს მცდელობა უსუსურია. დღეს სახელწიფო ინსტიტუტები ისე ძლიერია, როგორც არასდროს. საქართველოს ხელისუფლება, რომელიც არის ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მიერ არჩეული და მისი ნდობით აღჭურვილი, არ დაუშვებს ქვეყნის ინტერესებისა და მისი მოსახლეობის ინტერესების დაზიანებას. ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, მის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენს ხალხს და მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში.
აქვე, მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც კეთილსინდისიერად ემსახურება საკუთარ ქალაქს, საკუთარ ქვეყანას და თავისი პროფესიონალიზმით ქმნის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს.
და ბოლოს, მეგობრებო, ერთად მოვუწოდოთ ევროკავშირის სტრუქტურებს, გახსნან მოლაპარაკებები, დადონ დოკუმენტი, რომელსაც ხელს მოვაწერთ. გვაჩვენონ პარტნიორობა საქმით და არა მხოლოდ ლაპარაკით.
საქმე შანტაჟის ნაცვლად - ეს არის ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.