ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” (საია) აცხადებს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეების ალყაში მოქცევის პრაქტიკამ ფართომასშტაბიანი სახე მიიღო.
ორგანიზაციამ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც 2 დეკემბერს დილით, სპეცრაზმელებმა რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეცსაშუალებების გამოყენების გარდა, მათ ტერიტორიიდან გასასვლელი გზა გადაუკეტეს.
ორგანიზაცია განმარტავს, რომ აქციის დარბევის დროსაც კი, სპეცრაზმი ვალდებულია, მისცეს მოქალაქეებს ტერიტორიის თავისუფლად დატოვების შესაძლებლობა.
„ცრემლსადენი გაზი მიზანმიმართულად გამოიყენეს ასევე დახურულ სივრცეში მყოფების წინააღმდეგ ბესიკის ქუჩაზე. ადგილზე მყოფთა ინფორმაციით, წყლის ჭავლში კვლავ გარეული იყო ქიმიური გამაღიზიანებელი, რაც იწვევდა სხეულის წვას.
კვლავ ადგილი აქვს ჟურნალისტების საქმიანობაში მიზანმიმართული ხელშეშლის შემთხვევებს, მათ შორის მედიის წარმომადგენლების მიმართ წყლის ჭავლის გამოყენებასა და კამერების განზრახ დამტვრევას, ასევე ფიზიკურ ძალადობასა და დაკავებას (დაკავებულია ონლაინ-მედია მაუწყებლის ჟურნალისტი გიორგი ჩაგელიშვილი).
ყველაზე შემაშფოთებელია აქციის მონაწილეების ალყაში მოქცევის პრაქტიკა, რასაც დღეს ფართომასშტაბიანი სახე აქვს. აქციის დარბევის დროსაც კი, სპეცრაზმი ვალდებულია, მისცეს მოქალაქეებს ტერიტორიის თავისუფლად დატოვების შესაძლებლობა. ამის ნაცვლად, გამთენიისას პოლიცია აქციის მონაწილეებს ალყაში აქცევს და მშვიდობიან დემონსტრანტებს დევნის. აქციაზე დააკავეს ასევე IDFI-ის კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი დავითური.
გასული დღეების დროს სპეცრაზმის მიერ ჩადენილი სისასტიკისა და დღეს უკვე ალყაში მოქცევის ადამიანის უფლებებთან კატეგორიულად შეუსაბამო პრაქტიკის გათვალისწინებით, განვმარტავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნაცვლად მართლწესრიგის დაცვისა, ჩადის დანაშაულს”, - აცხადებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”.