პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე ვაკეში მიმდინარე აქციაზე დააკავეს.
საპროტესტო აქციამ ვაკის პარკთან მას მერე გადაინაცვლა, რაც რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტები სპეცრაზმმა დაშალა. პოლიციამ მათ მეტრო „რუსთაველთან“ გზა გადაუკეტა, თუმცა აქციის მონაწილეთა დიდმა ნაწილმა ბარნოვის ქუჩის გავლით ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლა და ვაკის პარკთან მივიდა.
დაკავებას წინ უძღოდა დაპირისპირება საპოლიციო ძალებსა და დემონსტრანტებს შორის.
დილით რუსთაველის გამზირზე პოლიციამ აქციის ძალადობრივად დაშლა დაიწყო. საპოლიციო ძალები მოქალაქეებს დაედევნნენ, მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ და რამდენიმე მათგანი ძალადობრივად დააკავეს. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წიწაკის სპრეიც.
ამ დროისთვის ჭავჭავაძის გამზირზე მხოლოდ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და აქციის რამდენიმე მონაწილე იმყოფება. აღდგენილია საავტომობილო მოძრაობაც.