პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციაზე „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტი თამთა ჩიტიშვილი დაშავდა.
„რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, მას დაზიანება მიყენებული აქვს ფეხის არეში. თამთა ჩიტიშვილის თქმით, მას შეიძლება, ნაკერის დადება დასჭირდეს, რადგან ჭრილობა ღრმაა.
„ახლა ვარ უკეთ. ვყლაპე გაზი, მანამდე კი დამიზიანდა ფეხი. არ ვიცი, ზუსტად რა იყო. უბრალოდ მომხვდა ფეხში და ჩავიკეცე. შესაძლოა, ერთი ნაკერი დამჭირდეს, ჭრილობა საკმაოდ ღრმა არის“, – განაცხადა თამთა ჩიტიშვილმა.
თამთა ჩიტიშვილი სასწრაფო სანმედიცინო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
მეოთხე დღეა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები იმართება. მოქალაქეები ეწინააღმდეგებიან მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ.