ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელ ხაზზე 200-ზე მეტი დაკავების შესახებ ინფორმაცია შევიდა - მხოლოდ გუშინ, მიმდინარე აქციის დროს, 50-ზე მეტი პირი დააკავეს, მათ შორის 39-ზე მეტი უკვე მოინახულეს ორგანიზაციის ადვოკატებმა იზოლატორებში.
საიას ცნობით, დაკავებულთა შორის არიან არასრულწლოვნები, ქალები, ჟურნალისტები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები.
"დაკავებულთა დიდი ნაწილი საუბრობს პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობაზე და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე. ხშირია სამედიცინო დახმარების საჭიროება, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა არ ხდება. პირადი ნივთების მიზანმიმართული ჩამორთმევა, მათ შორის მობილური ტელეფონების დაკარგვის ან მოპარვის ფაქტები. სასამართლო პროცესები მიმდინარეობს სამართლებრივი სტანდარტების უგულებელყოფით, რაც ართულებს ადვოკატების მუშაობას. დაკავებულთა ჯანმრთელობის დაზიანებების შემთხვევები სასამართლოს მხრიდან იგნორირებულია", - წერია განცხადებაში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოითხოვს: დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა დაკავებული. შეწყდეს მათ მიმართ საქმის წარმოება; უზრუნველყოფილი იყოს ადვოკატების მიერ დაკავებულთა უფლებების სრულფასოვანი დაცვა.
სამართლებრივი დახმარების ქსელი განაგრძობს მუშაობას დაკავებულთა უფლებების დასაცავად!
ცხელი ხაზი: 577 07 05 63 აქტიურია 24/7