სენატორები ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ დროა, ადმინისტრაციამ აშშ-ის განკარგულებაში არსებული ყველა საშუალება, მათ შორის სანქციები, გამოიყენოს.
"ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოში განვითარებული მოვლენებით, სადაც მშვიდობიან პროტესტს დაუპირისპირდა სასტიკი ძალა და ძალადობა, საქართველოს მთავრობის არაკონსტიტუციური გადაწყვეტილების შემდეგ, უგულებელყოს ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებები, ევროკავშირის წევრობაზე შესვლის შეჩერებით. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, რომელსაც მშვიდობიანი პროტესტის უფლება აქვს.
აშშ-ს კონგრესში ძლიერი ორპარტიული, ორპალატიანი მხარდაჭერაა ქართველი ხალხის მიმართ, და ჩვენ ვიმუშავებთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ საქართველოს მთავრობამ და ინდივიდებმა, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საარჩევნო ჩარევაზე, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობაზე, და სხვა ქმედებებზე, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, პასუხი აგონ.
მოვუწოდებთ სახელმწიფო დეპარტამენტს, საკუთარი პოზიცია ცხადად და ცალსახად გამოხატოს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის მიმდინარე გამოყენებასთან დაკავშირებით და მოვუწოდებთ ამჟამინდელ და მომავალ ადმინისტრაციებს, ვალდებულება აიღონ საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერის მხრივ. ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, შეაჩეროს ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობა საქართველოსთან კარგი დასაწყისია, მაგრამ ახლა დროა, აშშ-ს მთავრობის ხელში არსებული ყველა ხელსაწყო იყოს გამოყენებული, მათ შორის, სანქციებით, რომ შევახსენოთ საქართველოს მთავრობას, რომ ქმედებებს, შედეგები მოჰყვება. ქართველი ხალხი იმსახურებს იცოდეს, რომ აშშ უმოქმედოდ არ იჯდება მაშინ, როცა ვითარება უარესდება", - წერია შაჰინისა და რიშის ერთობლივ განცხადებაში.