საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების რაოდენობა, რომლებიც ქართული ოცნების გადაწყვეტილებას ემიჯნებიან, 233-მდე გაიზარდა.
ერთობლივი განცხადების თანახმად, სამინისტროს მოქმედ თანამშრომლებს მიაჩნიათ, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან.
ჩვენი, როგორც დიპლომატების, უმთავრეს მოვალეობას წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და კონსტიტუციის ერთგულება. წლების განმავლობაში, ქართული დიპლომატია მიმართავდა სრულ ძალისხმევას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად, რაც ქართველი ხალხის ნება და ისტორიული არჩევანია.
დღევანდელი განცხადება, 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ, არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს. ევროკავშირის გაფართოების ტალღა, რომელიც საქართველოსთვის უპრეცედენტო ისტორიულ შესაძლებლობას წარმოადგენს - დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს, საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენებით არის განპირობებული.
ქვეყნის მიერ ამ შესაძლებლობაზე ცალმხრივად უარის თქმა, გამოიწვევს ნეგატიურ სტრატეგიულ შედეგებს. ამასთან, შესაძლებელია, რომ მსგავსი ხელსაყრელი გარემოება ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების თვალსაზრისით, აღარ შეიქმნას. გარდა ამისა, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების პროცესის გაჩერება გამოიწვევს ქვეყნის იზოლაციას. დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე, საქართველო პირისპირ რჩება იმ საფრთხეების წინაშე, რომლებიც განსაკუთრებით გაძლიერებულია საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოში მიმდინარე პროცესების ფონზე.
მიგვაჩნია, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ჩვენ ერთგული ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი", - წერია განცხადებაში.