ახმეტაში პროევროპული აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ და გააპროტესტეს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის შეჩერების შესახებ.
როგორც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ახმეტის ორგანიზაციის თავმჯდომარე თინანო მოზაიძემ განაცხადა, ყოველთვის ახმეტიდან იწყებოდა ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისათვის.
„იმ მიწა-წყლიდან ვართ, სადაც დაიბადნენ დიდმოწამე ბიძინა ჩოლაყაშვილი, ეროვნული გმირები ქაქუცა ჩოლოყაშვილი და გიორგი ანწუხელიძე. ახმეტიდან დაიწყო 1921 წლის აჯანყება რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. ახმეტიდან დაიწყო 100 წლის წინ აჯანყება ქაქუცას მეთაურობით. ახლა ისევ გვაბრუნებენ წარსულში და რუსეთის გავლენის ქვეშ. ჩვენს ქვეყანას უდგას გადამწყვეტი მომენტი. დიდება ჩვენს გმირ მოქალაქეებს, რომლებიც იცავენ ქვეყნის ევროპულ მომავალს. არა რუსეთს“, - განაცხადა თინანო მოზაიძემ.