დავრჩები პრეზიდენტის პოსტზე, ეროვნული ფორმატის საბჭო, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება დამეხმარება პროტესტის პოლიტიკურ ნაწილში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა BBC-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, გარდამავალი პერიოდი უნდა იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე და სტაბილური .
„მნიშვნელოვანი და უჩვეულო ქვეყანაში არის ის, რომ ვხედავთ ადამიანები ტოვებენ საჯარო სამსახურებს სამინისტროებში, სხვადასხვა ინსტიტუტებში. ასევე ახალია საქართველოსთვის ის, რომ სპონტანური საპროტესტო აქციები იმართება ყველა ქალაქში, ჩვეულებრივ პროტესტის ნებისმიერი ფორმის ცენტრი თბილისი იყო ხოლმე. პოლიტიკური პარტიები არ შევიდნენ და არ შევლენ პარლამენტში. ასე რომ, ჩვენ ვართ ამ ღრმა კრიზისში და ყველაზე მეტად რაც გვჭირდება არის სტაბილურობა. მიმაჩნია, რომ მე ვთავაზობ ამ სტაბილურობას გარდამავალი პერიოდისთვის, რადგან, რასაც ხალხი ქუჩაში ითხოვს და რის გამოც პროტესტს გამოხატავს, არის ახალი არჩევნების მოთხოვნა, რათა ეს ქვეყანა აღდგეს ევროპულ გზაზე. დავრჩები პრეზიდენტის პოსტზე, ეროვნული ფორმატის საბჭო, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება დამეხმარება პროტესტის პოლიტიკურ ნაწილში, რადგან მე არ ვხელმძღვანელობ პროტესტს ქუჩაში, რომელიც ძალიან სპონტანურია. ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა და ჩვენ გვჭირდება არჩევნების მომზადება. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც ასევე ითხოვს ახალ არჩევნებს, იქნება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება დეკემბრის შუა რიცხვებში და ტექნიკური მისია, რომელსაც ისინი აგზავნიან საქართველოში, დაგვეხმარება განვიხილოთ შემდეგი არჩევნების პირობები იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს გვქონდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ასე რომ, ეს უნდა იყოს გარდამავალი პერიოდი და გარდამავალი პერიოდი უნდა იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე და რაც შეიძლება სტაბილური“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.