ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტობის კანდიდატად დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. ყაველაშვილის კანდიდატურა პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.
თავის სიტყვაში ბიძინა ივანიშვილმა ყაველაშვილს შეუქო ბუნება, ჰაბიტუსი და ოჯახური მდგომარეობა.
"მიხეილ ყაველაშვილს განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება, წლების მანძილზე, ის როგორც წარმატებული სპორტსმენი, იცავდა საქართველოს ღირსებას, მიშა იყო საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სტაჟიანი წევრი, ის არის რამდენიმე ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი, მისი საფეხბურთო კარიერა უკავშირდება თბილისის დინამოს, ვლადიკავკაზის ალანიას, მანჩესტერ სითის, წამყვან შვეიცარიულ საფეხბურთო კლუბებს.
პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდეც მიხეილ ყაველაშვილი ყოველთვის უკომპრომისოდ გამოხატავდა თავის პრინციპულ პოზიციას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მრავალ საკითხზე.
უკანასკნელი რვა წლის მანძილზე მიხეილ ყაველაშვილი ეწეოდა წარმატებულ პოლიტიკურ საქმიანობას, ის იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთერთი გამორჩეული წევრი, განსაკუთრებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მან უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნული ინტერესების და ქვეყნის ინტერესების დაცვაში.
პატიოსნება, სამართლიანობა, პატრიოტიზმი და პრინციპების ერთგულება არის ის თვისებები, რომლებიც მიხეილ ყაველაშვილს განსაკუთრებულად გამოარჩევს. ის თავისი ბუნებით, თუ გნებავთ ჰაბიტუსითაც, არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება, ის არის შესანიშნავი მეუღლე და ოთხი შვილის მამა, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით გუნდმა მიიღო ერთსულოვანი გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის პისტზე მიხეილ ყაველაშვილის წარდგენასთან დაკავშირებით.
დარწმუებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი სრულად დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს დროებით წართმეულ ღირსებას. 29 დეკემბერს შედგება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და ამ დღიდან წარსულს ჩაბარდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქვეყნის ღალატისა და კონსტიტუციის სისტემატური დარღვევის უხეში პრაქტიკა, რომელმაც პრეზიდენტის ინსტიტუტს უდიდესი ზიანი მიაყენა.
ეჭვგარეშეა, რომ მიხეილ ყაველაშვილი იდგება არა უცხოური ძალის, არამედ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის სამსახურში და თავის წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და წარმატებაში" - განაცხადა ივანიშვილმა.