მანდატების დატოვებაზე უდროო დროს რომ დაწერეს განცხადებები, ახლა დაწერონ და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ახლაა დრო, როცა განცხადებების დაწერას შესაბამისი შედეგი, შეიძლება, მოჰყვეს.
„მინდა, მივულოცო ყველას, ვინც ხმა მოგვცა და ვინც ხმა არ მოგვცა. არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, ყველაფერი წესით და რიგით მიდიოდეს, მთავარია, პრობლემა არ შეექმნას ინსტიტუტების მუშაობას. არათუ პრობლემა, ხარვეზიც კი არ არის არცერთი ინსტიტუტის მუშაობაში, მათ შორის, შედგა მე-11 მოწვევის პარლამენტი. ყველა დეპუტატის უფლებამოსილება ცნობილია და ჩემი მილოცვაც ამას ეძღვნება.
რაც შეეხება ოპონენტებს, მობრძანდნენ, მიიღონ მონაწილეობა ან განცხადებები დაწერონ. ახლაა ის დრო, როცა განცხადებების დაწერას შესაბამისი შედეგი, შეიძლება, მოჰყვეს. ვინმე ხომ არ გამოჩენილა, ხომ არ იცით, რომ ვინმე გამოჩნდა და განცხადება დაწერა, მანდატი დატოვა? ასეთი არავინ გამოჩენილა. შეიძლება, კარგა ხანს არავინ გამოჩნდეს, დააკვირდეს. შსს-ში რომ შეიტანო განცხადება ჯანდაცვის სფეროდან რაღაც დაფინანსების მიღებაზე ან თხოვნაზე, თან ზუსტად რომ იცი, იქიდან ვერ დაგაფინანსებენ, ასეთი განცხადებები დაწერეს უდროო დროს. ამ განცხადებებს ასეთი ხარისხის იურიდიული ძალაც კი არ აქვს. ვინმეს რაიმე განცხადების დაწერა თუ უნდა, მოვიდეს, ახლა დაწეროს და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა მდინარაძემ.