პარლამენტი, რომელიც შეიკრიბება ხვალ ამ არჩევნების მიხედვით, არის არალეგიტიმური, - ამის შესახებ ნათქვამია სტუდენტური პარლამენტის განცხადებაში, რომელიც ახალგაზდებმა ცოტა ხნის წინ გაავრცელეს.
„პარლამენტი, რომელიც შეიკრიბება ხვალ ამ არჩევნების მიხედვით, არის არალეგიტიმური. პარლამენტის არალეგიტიმურობა დაადასტურა საქართველოს პრეზიდენტმა, საერთაშორისო თანამეგობრობამ და ქართულმა საზოგადოებამ, ყველა ერთხმად შეთანხმდა, რომ ეს არჩევნები არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას.
შესაბამისად, ჩვენ "საქართველოს სტუდენტური პარლამენტი" ვწყვეტთ ყოველგვარ კავშირს და ურთიერთობას არალეგიტიმურ პარლამენტთან, ვაჩერებთ ყველა პროექტს და კოორდინაციას, უარს ვაცხადებთ რაიმე ფორმით, საქმიან და სამუშაო ურთიერთობებზე არალეგიტიმურ პარლამენტთან. თუმცა, აქვე უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ორგანიზაცია, "სტუდენტური პარლამენტი", საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინებით და არსებული პოლიტიკური ვითარების გააზრებით, ვაგრძელებთ მუშაობას და აქტიურ პოზიციონირებას ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად და ახალი არჩევნების დასანიშნად. ამისთვის ერთადერთ და სწორ გზად მიგვაჩნია აქტიური კოორდინაცია პროდასავლურ ოპოზიციასთან, რომელიც იბრძვის ქვეყნის დასავლური მომავლისთვის.
მნიშვნელოვან და ჩვენთვის განსაკუთრებულ ინიციატივად მიგვაჩნია ალტერნატიული, სახალხო პარლამენტის შექმნის იდეა, რასაც ვუერთდებით და მაქსიმალურად ვეცდებით ახალგაზრდობის ჩართულობას ამ ინიციატივაში," - განაცხადეს "სტუდენტური პარლამენტის" წარმომადგენლებმა.